საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, თუმცა არსებობს შიში, რომ ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე კომენდანტის საათი გამოცხადდება?
ეს იმას, ნიშნავს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ვეღარ ჩატარდება.
როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის გამო, არჩევნების ჩაშლის საფრთხე რეალურია.
„კომენდანტის საათი საგანგებო მდგომარეობის გარეშე ვერ გამოცხადდება. ეს იმ ტიპის შეზღუდვაა, რომელიც კონსტიტუციურ უფლებაში უფრო ინტენსიურ ჩარევას გულისხმობს, რადგან სხვადასხვა უფლება შეიზღუდება, ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ამ ნაწილში ინტენსიური ჩარევა ვერ მოხდება.
ჩვენ რატომღაც ყველა ვმსჯელობთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც სამართლებრივად შესაძლოა ემუქრებოდეს არჩევნების ჩატარებას, თუმცა გვავიწყდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც ყოველგვარი სამართლებრივი შემადგენლის გარეშე არსებითი გავლენა შეიძლება იქონიოს საარჩევნო პროცესზე, კერძოდ ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ნელ-ნელა ინტენსიური ხდება.
ამ საფრთხეს ვხედავ და ეს იმ ტიპის საფრთხეა, რომელმაც შესაძლოა, პოლიტიკური მოცემულობა შეცვალოს არა მარტო კენჭისყრის დღის დღეს, არამედ შემდგომაც. სახელად ამას ჰქვია, ამომრჩეველთა აქტიურობის შემცირება და შესაბამისად, ამის გამო ლეგიტიმაციის დაბალი დონით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტება“, – განაცხადა ალაფიშვილმა.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.