„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ჩამოიშალა.
კერძოდ, ბეჟაშვილი ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ აბსოლუტური ტყუილია, თითქოს მმართველი პარტია [საკონსტიტუციო] სარჩელით საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას.
ბეჟაშვილის თქმით, მიუედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა აღნიშნულ ბრალდებებზე სამართლებრივი უსაფუძვლობის გამო, საქართველოსთვის მიყენებული ზიანი ერთი სასამართლო პროცესით ვერ გაქრება.
„დღეს „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ერთ-ერთი უმძიმესი პოლიტიკური ნარატივი ჩამოიშალა.
14 წელი ამტკიცებდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. შემდეგ ეს ბრალდება გადააკეთეს და ამბობდნენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ეს ნარატივებიც ჩამოიშალა. ოცნებამ უარი თქვა ამ ბრალდებებზე სამართლებრივი უსაფუძვლობის გამო.
პარტიების აკრძალვა მათი პოლიტიკური მიზანია და ამას არც მალავენ, მაგრამ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი, ამ წლების განმავლობაში საზოგადოებაში დანერგილი ბრალდებები და ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებული პროპაგანდა ერთი სასამართლო პროცესით ვერ გაქრება“, – წერს ლევან ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა, უპასუხა, რომ აბსოლუტური ტყუილია, თითქოს მმართველი პარტია [საკონსტიტუციო] სარჩელით საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუჭირეს რეზოლუციას მხარი, რა მოცემულობასაც შემდეგ ოკუპანტი სახელმწიფო იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.









