“მოდით რა, ამ შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” [ISFED] მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია.
პაპუაშვილის აზრით, ISFED-ის განცხადება “განცდებზეა” დაფუძნებული.
“სამწუხაროა, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე მაინც გამოაქვეყნოს იმ უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა და თავი არ აარიდოს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, აქვეყნებს “განცდებზე” დაფუძნებულ დასკვნას, და ამით “აჩენს განცდას, რომ” მას, დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე ზეწოლა და მისი დისკრედიტაცია სურს. მოდით რა, ამ შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ “განცდებს”, “აღქმებს”, “შთაბეჭდილებებს”, და ვისაუბროთ ფაქტებით და მტკიცებულებებით”, – წერს პაპუაშვილი.










