როცა მივხვდით, რომ დავიკარგეთ, უკვე ისეთ ადგილას ვიყავით, რომ ვეღარ გამოვიკვლიეთ გზა, – ამბობს ერთ-ერთი დაკარგული ხატია მესხიძე.
„მთავარი სირთულე იყო ის, რომ ჩვენ ოჯახებზე ვნერვიულობდით, თორემ ერთმანეთს ვამხნევებდით და ვცდილობდით არ გავჩერებულიყავით” – განაცხადა მან.
„უამინდობა იყო. პირველ დღეს სეტყვა იყო და კოტეჯში ვიყავით. მეორე დღეს ნისლი. მთის მარცხენა მხარის ნაცვლად მარჯვნივ წავედით. საირმისკენ ვიყავით,“ – ამბობს ერთ-ერთი დაკარგული.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა დაკარგული 7 ახალგაზრდა აბასთუმნის ტყიდან უვნებლად დღეს დილით გამოიყვანეს. ისინი ამჟამად აბასთუმნის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
სტუდენტები აბასთუმნის ტყეში სალაშქროდ 2 ივნისს შევიდნენ და სახლში 4 ივნისს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ოჯახებმა 5 ივნისს შეატყობინეს რეინჯერებსა და სამართალდამცველებს, რომ ახალგაზრდებს ვერ უკავშირდებოდნენ. 6 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათისთვის, ახალგაზრდების კვალს მიაგნეს.










