ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ღვერკისა და ხემაღალის მეწყერით დაზარალებული მოსახლეობის სარჩელის განხილვა 16 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება.
ინფორმაციას “ჩემი ხარაგაული” მეწყერით დაზარალებული ღვერკელი მარადი გელაშვილისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეწყერით დაზარალებულები მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის #84 განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ. ამ განკარგულების მიხედვით, მათ ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭათ და საკომპენსაციო თანხად 30-დან 50 ათას ლარამდე თანხა განესაზღვრათ.
მარადი გელაშვილი ამბობს, რომ მეწყერით დაზარალებულები თავს ეკომიგრანტებად არ მიიჩნევენ და მეწყერის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რკინიგზის მშენებლობისას არასწორად წარმოებულ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს უკავშირებენ.
„კომპანია, შპს „გეოლოჯიქის“ წარმომადგენლებმა კვლევის შედეგების გაცნობისას გვითხრეს, რომ მათი მიზანი მეწყრული პროცესების შესწავლისას რკინიგზის სამუშაოების გამოკვლევა არ ყოფილა, – ამბობს მარადი გელაშვილი, – თუმცა, იმავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ მძიმე ტექნიკის, ე. წ. „კოდალას“ გამოყენება და აფეთქებითი სამუშაოები, შესაძლოა, მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო. ამიტომ ამ მიზნით დამატებითი გამოძიების ჩატარებაზეც მიუთითებდნენ.
ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ გარემოს დაცვის სამინისტროსგან, საქართველოს რკინიგზისგან და ფინანსთა სამინისტროსგან მოვითხოვეთ ლაშე-ძირულას რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა. ეს დოკუმენტი დღემდე ვერ მივიღეთ. 2017 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ სოფლები ღვერკი და ხემაღალი მაღალი რისკის მეწყერსაშიშ ზონად მიიჩნია და იქ რკინიგზის მშენებლობა არ უნდა დაწყებულიყო.
მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო სამმართველო გამოძიებას ახორციელებს. ორი კვირის წინ ქუთაისში გამომძიებელთან გამოკითხვაზე ვიმყოფებოდით.
ერთი თვეა, რაც ღვერკში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგებმა უსაფრთხოდ მიიჩნიეს, სახლებს ბზარები გაუჩნდა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებზე ბზარები შენიშნეს ლაშესა და სოფელ ძირულას შორის არსებულ გელაშვილების უბანში.
მოკლედ, ახლა პირველ სასამართლო პროცესს ველოდებით“, – ამბობს მარადი გელაშვილი გამოცემასთან “ჩემი ხარაგაული”
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი 2025 წლის მაისიდან გააქტიურდა. ამჟამად ეს მეწყერი 68 ჰა ფართობს მოიცავს. გეოლოგების შეფასებით, ეს მეწყერი არის „ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“.










