საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი ფუნქცია დაუტოვეს, „ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმება – „ოცნებას“ მინდა ვუთხრა, რომ ეს სრულიად უკანონო და არაკონსტიტუციური ქმედებაა, რომელიც სწორედ მათთვის იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესების ჩანიშვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ამ სიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული ჯერ ფიზიკური თავდასხმის, შემდეგ პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური შურისძიების და ანგარიშსწორების გაგრძელება“.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი ფუნქცია დაუტოვეს, „ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმება, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „ოცნების“ პირობებში საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ნოტარიუსის ფუნქცია.
რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, მოულოდნელი არაფერი მომხდარა, უარესები გამოგვივლია. „ოცნებას“ მინდა ვუთხრა, რომ ეს სრულიად უკანონო და არაკონსტიტუციური ქმედებაა, რომელიც სწორედ მათთვის იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი. დღეს იქნება თუ ხვალ, ეს დრო არც თუ ისე შორსაა, როდესაც „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, დაწყებული 88 დეპუტატით, რომლებმაც ხელი მოაწერეს სარჩელს, დასრულებული ყველა იმ აქტორით, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში. ამ სიაში ჩვენი პარტიის დამატება იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი „ოცნებისთვის“ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული ჯერ ფიზიკური თავდასხმის, შემდეგ პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური შურისძიების და ანგარიშსწორების გაგრძელება.
„ოცნება“ განსხვავებულ აზრს აცხადებს არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რომ ადამიანებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, თავად აირჩიონ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა. ამ უფლებას, ანუ საარჩევნო უფლებას უუქმებენ საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის პირდაპირი გასვლა საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ აღარ იკმარა 78-ე მუხლის დარღვევა და ახლა მთლიანად, ფუნდამენტურად უარს ამბობს კონსტიტუციით გათვალისწინებული მთავარი ძირითადი პრინციპების დაცვაზე. იმ პრინციპის დაცვაზე, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს განსხვავებული აზრი, აირჩიოს მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტია და მიანიჭოს მას დროებით საკუთარი წარმომადგენლობით უფლება. ამ სიაში განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამატებით, კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო, რომ „ოცნება“ მიიღებს კატასტროფულ შედეგებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.









