ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით, – ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესების ჩანიშვნას.
მისივე თქმით, პარტიების მთავარი არსი მათ მხარდაჭერაშია და თუ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლეს მხარდაჭერის გაზრდა, ამ სიტუაციაში, მნიშვნელობა არ აქვს რა ეწერა ქაღალდზე.
„ალიანსის სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ვხვდებოდით, რათა ოქტომბერი-ნოემბრის სამოქმედო გეგმა გაგვეზიარებინა, როდესაც საკონსტიტუციოდან ასაკრძალ პარტიებთან რეკვა ატეხეს, რომ ჩანიშნეს პროცესები 21-22-23 ოქტომბერს. 18-დან 25-მდე აჭარაში ვართ „ფედერალისტები“ კამპანია გვაქვს „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოც ბათუმშია, მაგრამ რასაკვირველია ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით. თვითონ ინიციატივა საინტერესოა, რადგან რეალურად პარტიების არსი არის მათ მხარდაჭერაში. ჩვენ თუ მხარდაჭერა გავზარდეთ, ქაღალდზე რა ეწერება დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისეთ ვითარებაში ვართ ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა ეს ინიციატივა გვეხმარება ერთ რამეში, იმ ადამიანებისთვის გაგებინებაში, რომლებიც აქამდე ვერ ხვდებოდნენ ან არ აინტერესებდათ, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ძალიან ყარს.
შარშან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4 -მა პარტიამ, რეჟიმის დათვლებით ამ პარტიებმა აიღეს 800 000-ზე მეტი ხმა, ანუ ამ ადამიანებს, ვინც ხმა მისცეს და სხვა პარტიები აირჩიეს, ხმას უუქმებენ. ეს იმდენად გამაოგნებელია, ჩვენთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს.
რას ფიქრობთ, რატომ გაიქცა მანანა კობახიძე? გასაგებია, რომ 3 თვე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ თავი არ გაიფუჭა. ამ ვადის დასრულების შემდეგაც ცხოვრობს და ალბათ, უნდოდა ამ „ქოცებისგან” კიდევ რამე სარგებლის მიღება, მაგრამ იცის, რომ ვინც ასეთ სიგიჟეში გაერევა შეუძლებელია ფასის გადახდა არ მოუწიოს. ვიღაცებს არ უღირთ ამ ფასის გადახდა, მაგრამ ვიღაცებს შეუძლია უღირდეთ.
რის გამო სჭირდებოდათ სააკაშვილსა და ხაზარაძეს ჩვენი აკრძალვა ტელევიზიებში? იმიტომ, რომ სუსტად გრძნობდნენ თავს და ხვდებოდნენ, რომ კონკურენციას ვერ გაგვიწევდნენ თუ არ აგვკრძალავდნენ. ეს აკრძალვაც სისუსტის ნიშანია. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ რანაირად ხართ ძლიერებიო? მაგრამ ეს ლიდერობის ვაკუუმია და ეს ლიდერობის ვაკუუმი რომ შევსებადია, ჩვენზე კარგად იცის ბიძინამ. ის ყველაზე კარგად ხედავს თავის სისუსტეს. ეს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. იმისთვის, რომ ძალიან ცხადი ფასი გადაიხადოს ბიძინა ივანიშვილმა იმ სიგიჟეში, რასაც ამ ქვეყანაში აწყობს. ქართველ ხალხს პარტიების აკრძალვა ამ ქვეყანაში ანაღვლებს იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია თუ არა მათთვის სიკეთის მოტანა, ამიტომ გავაგრძელოთ ქართველი ხალხის დარწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა სიკეთე ვერ ნახოს. მისი ძალაუფლება მუდამ შენარჩუნდეს, მისმა დინასტიამ „იგრიალოს”, მისი გარემოცვის ჯიბეებში დოვლათი დაილექოს და ქართველი ხალხი იყოს მუდამ გასაჭირში“,- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.








