პრემიერი: „აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ.
ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა. არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი. შეიძლება აქ გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის “სილიკონ ველის” მსგავსი ამერიკაში.
ორი მსხვილი ჯგუფია გამოკვეთილი, გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული. დავასაქმოთ არა მხოლოდ ჩამოსულები, არამედ ადგილობრივები. გადავამზადოთ ისინი, IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში.
კარგი IT-სპეციალისტების საშუალო ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ”, – აღნიშნა პრემიერმა.