ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის ნაწილს კვლავ მიაჩნია, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რომელიც ოპოზიციისთვის ხმების წართმევას ისახავს მიზნად:
“ამ წერილში ივანიშვილი ისევ ნაცმოძრაობაზე, ნაცმოძრაობა ისევ ოცნებაზე, აი ეს გაუთავებელი პინგ-პონგი, თუ არ დავამთავრეთ ამ ქვეყანაში ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ამ ქვეყანას არ ეშველება. ყველანი არიან ჩემთვის ერთი სახე, რომელიც არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი პრობლემა. “მეჟდუ საბოიჩიკში” ვინ ვის უღალატა ნაკლებად მაინტერესებს,” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, ამბობს რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ცდილობენ გახარიას ოპოზიციონერის იმიჯი შეუქმნან:
“იმისთვის, რომ არ გაატანოს ქართული ოცნების ხმები გიორგი გახარიას, ვინაიდან ახლა ხმების დაკარგვა და 43%-ის ვერ აღება შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებში, ქართული ოცნებისთვის არის შარი, შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ საჯარო სივრცეში გაემიჯნონ გიორგი გახარიას და თქვან რომ ის ოპოზიციონერია და ჩვენიანი საერთოდ არ არის, რომ გახარია დაჯდეს ოპოზიციის ხმებზე და ხელისუფლების ხმები ნაკლებად წაიღოს,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ივანიშვილი-გახარიას საქმეების გარჩევა ენმ-ს გეგმებს ვერ შეცვლის:
“ერთმანეთში არკვიონ გახარიამ და ივანიშვილმა, ვინ ვისი კაცია. ჩვენ ჩვენ გზას მივყვებით, რომელიც არის ამ ქვეყნის გათავისუფლება “ქართული ოცნების” მავნებლური მმართველობისგან,” – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.
“ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის გავლენების ორბიტიდან არც არასდროს წასულა:
ახლა ივანიშვილის და ქართული ოცნების მთავარი მიზანია გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ და სწორედ ამიტომ აკეთებს ამ განცხადებას. რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება გახარია. ის ყოველთვის იყო მონურ მორჩილებაში და არც არასდროს წასულა იმ ორბიტიდან, რასაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები ჰქვია,” – აცხადებს ლაშა დამენია.
შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ გიორგი გახარიამ თანამდებობიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლით უღალატა, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქვეყანასაც. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ცხოვრება, რამენაირად მისი პროექტი შეიძლება იყოს.
rustavi2.ge










