World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სპორტსმენთა ბიოლოგიური პასპორტის მონიტორინგის პროგრამამ შარდის ნიმუშებში საეჭვო შეუსაბამობები დააფიქსირა. საქმე ეხება პერიოდს, რომელიც წინ უსწრებდა 2023 Rugby World Cup-ს, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.
მიღებული ინფორმაციის შემდეგ World Rugby-მ საკითხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა WADA-ს. ორგანიზაციებმა ერთობლივად ჩაატარეს ფართომასშტაბიანი და კომპლექსური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მიზნობრივი დოპინგ-ტესტირება და დნმ-ის ანალიზი, მათ შორის იმ ადრეულ ნიმუშებზეც, რომლებიც ორგანიზაციის გრძელვადიანი შენახვის პროგრამაში იყო დაცული.
გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ საქმე ეხება ორგანიზებულ სქემას, რომელიც რეკრეაციული ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებასა და ნიმუშების ჩანაცვლებას მოიცავდა. ნიმუშის ჩანაცვლება მკაცრად აკრძალულია როგორც WADA-ს კოდექსით, ასევე World Rugby-ს ანტიდოპინგის წესებით.
World Rugby-ს განცხადებით, დისციპლინური პროცესი ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რის გამოც ორგანიზაცია დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს. საბოლოო გადაწყვეტილებები და სანქციები სრულ პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ანტიდოპინგის წესების დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და სუფთა სპორტის დაცვის ერთგული მხარდამჭერია.










