ქუთაისის მერია “თეთრი ხიდი”-ს რეაბილიტაციას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც პირველ ეტაპზე რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას მოიცავს, თანმდევი ექსპერტიზით:
“წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონზე
მდებარე ისტორიული ხიდის – „თეთრი ხიდისა“ სრული რეაბილიტაციისათვის
აუცილებელი სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადება. ვინაიდან ორივე ობიექტს მინიჭებული აქვს კულტურული
მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, საპროექტო გადაწყვეტილებები მკაცრად
უნდა შეესაბამებოდეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს ხიდების ისტორიული იერსახის,
კონსტრუქციული მდგრადობისა და ავთენტურობის უცვლელად შენარჩუნებას.” ვკითხულობთ ტენდერის დოკუმენტაციაში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 95`000 ლარია. (NAT260021584)
ქუთაისის თეთრი ხიდის რეაბილიტაცია 2018 წელს კომპანია „ალმა-რუს საქართველომ“ განახორციელა. პროექტის საწყისი ღირებულება 435 997 ლარი იყო. სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდის კონსტრუქციის განახლებას, ლითონის საფარის მოწყობასა და განათების შეცვლას.
პროექტს საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ ცვლილებები ხიდის ისტორიულ იერსახეს აზიანებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოვლინდა ხარვეზებიც – ლითონის ფილების ნაწილი არ იყო მყარად დამაგრებული. ვერც მინის ნაწილობრივმა გამოყენებამ ვერ გაამართლა. მინის ზედაპირი ხშირი დაზიანების გამო ამ დრომდე მუდმივ გამოცვლას და შეკეთებას საჭიროებს.
აღსანიშნავია რომ 2018 წლის დეკემბერში ქუთაისის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისა და ვადების დარღვევის გამო შეწყვიტა. კომპანიას 185 307 ლარის ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც დავა სასამართლოში გაგრძელდა.










