ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის? – საქართველოში ფულის გათეთრების შანსები გაუჩნდებათ, ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა? – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მეორე მოსმენით განიხილება „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.
მისივე განცხადებით, კარგი იქნებოდა, მთავრობა დამდგარიყო საზოგადოების წინაშე და გაეცა პასუხი, „რატომ ხდება ფორსირებულად ოფშორებიდან ფიზიკური პირების მიერ ქონების გადმოტანის აქცია”.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობა ამოეფარა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და ის კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, აბსოლუტურად მოულოდნელად, არის მთავრობის ინიციატივა. ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც გადასახადების ჩამოწერას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა ილაპარაკეს, ბრიფინგები მოაწყვეს და ეს პოპულისტური გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ უნდოდათ გაესაღებინათ რაღაც, მთავრობის ზრუნვად ხალხზე, მაგრამ უცბად აღმოჩნდა, რომ ორ დღეში უნდა მივიღოთ კანონი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის ოფშორში განთავსებული აქტივების, აქციების, წილების, ქონების, თვითმფრინავების, რა ვიცი კიდევ რა შეიძლება ითქვას, საქართველოში დაუბეგრავად გადმოტანის შესახებ. ფაქტი მინდა აღვნიშნო და კარგი იქნებოდა, რომ ამ კანონის რეალური ავტორი – მთავრობა დამდგარიყო აქ საზოგადოების წინაშე და გაეცა პასუხი, რატომ ხდება ფორსირებულად ოფშორებიდან ფიზიკური პირების მიერ ქონების გადმოტანის აქცია, თუ შეიძლება ასე ითქვას. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში – ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის, ეს გავრცელდება თუ არა და რა თქმა უნდა, ამით ისარგებლებს უამრავი ის პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის. აქ მოქალაქეობაზე არც არის საუბარი, რეზიდენტი გამოკვეთილი არც არის. საქართველოში ფულის გათეთრების შანსები გაუჩნდებათ, ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.