როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თეთრი პურის გაძვირებაზე მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული სახეობის პურზე ფასი 5-10 თეთრით ნამდვილად მომატებულია. მალხაზ დოლიძის თქმით, გაძვირება შეეხო, რეცეპტორულ პურის სახეობებს, შავ/რუხ დაჭრილ/შეფუთულ პურს.
„ის პური, რომელიც არის ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელსაც ყველაზე მეტს ყიდულობენ თბილისელები, ეს არის ბატონისებური პური. მასზე ფასი არ მომატებულა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასი მომატებულია მასიურ პროდუქციაზე, თეთრ პურზე, რომელსაც თბილისელები ყველაზე მეტად იყენებენ.
1.30 ლარის ღირებულების, რომელიც იყო იმ პურს მოემატა 5 თეთრი, 1.10 ლარი რაც ღირდა, მასზე მომატებულია – 10 თეთრი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის რეცეპტორული პური ანუ სხვადასხვა შემადგენლობაა შიგნით, ასევე შეფუთული და დაჭრილია ანუ მეტი შრომაა ჩადებული.
დაახლოებით, 1-2თვეა რაც მატება ფიქსირდება. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მასიურ ასორტიმენტზე იქნება ის ფასი სტაბილურად, რაც იყო“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.










