პეტრას ციხე მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
პეტრას ციხის ტერიტორიაზე იგეგმება ადაპტირებული ბილიკების,ვიზიტორთა ცენტრის, კაფეს, საექსპოზიციო ნაგებობებისა და ავტოსადგომის მოწყობა. პეტრას ციხე, რომელიც არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მალე ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი გახდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
“უახლოეს დღეებში პეტრას ციხეზე ჩვენ ვიწყებთ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული ტურისტებზე. გაჩნდება ახალი სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი,” – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
სამუშაოები დასრულდება 2020 წელს, რომლის ბიუჯეტი -1 750 000 ლარია.
ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.