რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთზე, სტატისტიკურად:
რაც უფრო იზრდება რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში, უფრო მეტად ისმის მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპაციის გაპროტესტებამ შესაძლოა რუსეთისგან მიღებული ეკონომიკური სარგებელი დაგვაკარგვინოს.
ალბათ, საინტერესოა, როგორია რუსული ეკონომიკის წარმომადგენლობა ქართულ ტურიზმში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, საგარეო ვაჭრობასა და ფულად გზავნილებში. როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში რუსეთის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების საკითხი მუდმივად კონტროლდებოდეს:
საქართველოსთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, რაც თავის მხრივ, ლარის სტაბილურობას უწყობს ხელს. დაზუსტებით შესაძლებელია ითქვას, რომ ასე იყო კორონავირუსის პანდემიამდე, ვიდრე ტურიზმის ინდუსტრია უმძიმეს დარტყმას მიიღებდა. ქართული ტურიზმი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული – 2019 წელს, როდესაც სექტორი გამართულად მუშაობდა, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების 67,6% ოთხ მეზობელ ქვეყანას (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) წარმოადგენდა.
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. 2020 წელს უცხოური ვიზიტების რაოდენობა წლიურად 80%-ით შემცირდა და 1,5 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, შემცირებულია ტურიზმიდან შემოსული თანხებიც, ეროვნული ბანკის გათვლებით, გასულ წელს ტურიზმის სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 2,7 მილიარდით ნაკლები, 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება რუსეთს, პანდემიამდე აქედან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. 2019 წელს საქართველოში განხორციელებული 7,7 მლნ უცხოური ვიზიტიდან 1,5 მილიონიანი წილი (19%) რუსეთის ფედერაციის რეზიდენტებს ეკუთვნოდათ. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლისთვის ქართულ ტურიზმში რუსული ვიზიტების წილი 8,1% იყო.
საქართველოში მოგზაური ვიზიტორების დიდ ნაწილს მეზობელი ქვეყნების რეზიდენტები წარმოადგენენ, ხოლო ყველაზე მეტ ფულს (საშუალოდ ერთ ვიზიტზე) აშშ-სა და საუდის არაბეთის რეზიდენტები ხარჯავენ.
მაშინ, როდესაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობით მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს მოქალაქეები მეტ ფულს ხარჯავენ, მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს ნაკლებად ათვისებულ ბაზრებზე. იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის კრიზისი ჯერ კიდევ დღის წესრიგშია და ინდუსტრია უმძიმეს დარტყმებს განიცდის, ტურიზმის აღსადგენად ყველა შესაძლო გზა უნდა გამოინახოს, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში, მნივშვნელოვანი იქნება, საქართველო მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების მოზიდვაზე კონცენტრირდეს, რათა სექტორის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება დაბალანსდეს…
ამას გარდა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. სტატისტიკურად თუ ავირებთ, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა განახევრდა და 617 მილიონი დოლარი შეადგინა, ამგვარი ვარდნა 2005 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 2009 წელსაც კი, როდესაც ქვეყანა ომით გამოწვეულ კრიზისს ებრძოდა, საქართველოში უფრო მეტი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა (667 მლნ დოლარი), ვიდრე კორონავირუსის პანდემიურ პერიოდში 2020-ში.
რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის მიღებული ინვესტიციების მოცულობამ პიკს 2014 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთიდან 88 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია 2013 წელი, როდესაც რუსული ინვესტიციების მოცულობა 8 მილიონ დოლარამდე შემცირდა და მისმა წილმა მთლიანად 0,8% შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებს რუსეთი, ხაზგასასმელია, რომ იგი გამუდმებით აზიანებს საქათველოს საინვესტიციო გარემოს – ქვეყანასა და რეგიონში არსებული კონფლიქტები საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენენ.
ამას გარდა, ფულადი გზავნილები საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ყოველწლიურად უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მნიშვნელოვნად ეხმარება ქართულ ეკონომიკას.
გზავნილები იმ იშვიათ პარამეტრებს შორის მოხვდა, რომლის მოცულობა 2020 წელს გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში, თითქმის ორი მილიარდი, 1,885,981,935 დოლარი გადმოირიცხა, რაც 8,8%-ით მეტია 2019 წლის მონაცემთან შედარებით.
გასული წლის მონაცემების მიხედვით, გადმორიცხვების რაოდენობით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს, რადგან საქართველოდან ემიგრირებულთა დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ფულადი გზავნილების მთლიანი ყულაბიდან რუსეთიდან გადმოგზავნილი თანხების წილი ყოველწლიურად მცირდება.
იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკის მიმართ რუსეთისგან მომდინარე რისკები დაბალანსდეს, აუცილებელია ეკონომიკის დივერსიფიცირება, ანუ დამოკიდებულების შემცირება ერთ კონკრეტულ ბაზარსა თუ ინდუსტრიაზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იმუშაოს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე და განსაკუთრებული მნიშვნელონის მქონე პროდუქტების იმპორტი ალტერნატიული მომწოდებლებისგანაც განახორციელოს. გასათვალისწინებელია, რომ ტურიზმის აღდგენის პარალელურად, ქვეყანამ უნდა დააინტერესოს მაღალშემოსავლიანი ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში მეტ უცხოურ ვალუტას შემოიტანენ.
ბოლო რამდენიმე წლის ისტორიის გააზრებაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ რუსეთი არასანდო ეკონომიკური პარტნიორია. შესაბამისად, შესაძლოა ითქვას, რომ ბაზრების დივერსიფიცირების გარეშე, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები სერიოზულ რისკებს შეიცავს!