საქალაქთაშორისო მგზავრობა დამატებით რამდენიმე მიმართულებაზე გაძვირდა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა თბილისი-ლაგოდეხისა და თბილისი-წნორის მიმართულებებზე გადაადგილების ღირებულება.
უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები წერენ, რომ თბილისი-ლაგოდეხის რეისზე მიკროავტობუსით გადაადგილების საფასური 15 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა, ხოლო თბილისი-წნორის რეისზე – 10-დან 15 ლარამდე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 19 სექტემბრიდან, მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდა რუსთავიდან თბილისის მიმართულებითაც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ მგზავრები აცხადებდნენ, საფასური 2.50 ლარის ნაცვლად 3 ლარი გახდა.
მათივე ინფორმაციით, კომპანია „ინტერტრანსის“ მომსახურებით სარგებლობის ტარიფი დედაქალაქის მიმართულებით მოძრავ ყველა მარშრუტზე გაიზარდა.
ამასთან, სექტემბერში კასპი-თბილისის რეისზე მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურიც 1 ლარით გაიზარდა და 5 ლარი გახდა. მანამდე, ზაფხულის პერიოდში, თბილისიდან რამდენიმე მიმართულებით, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ქალაქებისკენ, მიკროავტობუსით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა.
ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოში ტრანსპორტით მგზავრობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაძვირდა.
კერძოდ, საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება წლიურად 17%-ით გაიზარდა, ქალაქის შიგნით ავტობუსითა და მიკროავტობუსით გადაადგილება – 15.2%-ით, საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა – 11.3%-ით, ხოლო ტაქსით გადაადგილება – 9.2%-ით.
მგზავრობის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად საწვავის ფასების ზრდა სახელდება, რაც ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი.
ამასთან, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში ბენზინი 30.2%-ით; დიზელი – 54.5%-ით; ხოლო გაზის საწვავი – 0.6%-ით არის გაძვირებული.
დღეის მდგომარეობით კი, დიზელის ფასი 5.07 ლარამდეა, სუპერის – 4.65 ლარამდე, პრემიუმის – 4.33 ლარამდე, ხოლო რეგულარის – 4.08 ლარამდე.










