საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა.
სასამართლო დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.
„ვინმესთვის უცნობია, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანია ან პაატა ბურჭულაძე…?“ – განაცხადა გორდულაძემ.
აღნიშნულს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების, მათ შორის ნიკა გვარამიას მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. მან მოსარჩელე მხარეს მიმართა, რომ ის არასწორად იქცევა.
„პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ჯერ ერთი პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო, არასწორია და კი, ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად ? არ გრცხვენიათ?“ – განაცხადა გვარამიამ.
სხდომა გვარამიას და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა.
„ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ“, – განაცხადა გორდულაძემ.
საბოლოოდ მოსამართლე ნადარაიამ დარბაზიდან გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
„იძულებული ვარ! თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ. ბატონო ნიკა, დატოვეთ დარბაზი!“- განაცხადა ნადარაიამ.
აღნიშნულს მწვავე პროტესტი მოჰყვა პარტიის სხვა წარმომადგენლების თენგო თევზაძისა და მაია კოპალეიშვილის მხრიდან.
„პიროვნულ შეურაცხყოფაზე პასუხი გაძევების საფუძველი ვერ იქნება. არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა თევზაძემ.










