შეაჩერეთ თანამედროვე ფაშიზმი! – დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ მოწოდებით რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ.
პუტინის რეჟიმს გამოქცეულები თანამოქალაქეებს სთხოვენ, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ. მათი თქმით, პუტინი მკვლელია, ხოლო რუსეთის ხელისუფლება რუს ხალხს არცხვენს. აქციის მონაწილეები ასევე, პირდაპირ ამბობენ, რომ სამშობლოდან რეპრესიების გამო გამოიქცნენ.
შეკრებილებს ადგილზე დროშები ჰქონდათ მიტანილი, რომელიც თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. რუსეთის მოქალაქეების განმარტებით, ეს თანამედროვე რუსეთის დროშაა, რომელზეც წითელი ფერი არ არის.
მე აქ ვდგავარ არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ რუსი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც წინააღმდეგი არიან ამ ომის, ტერორიზმის და პუტინის. ჩვენც ისეთვე ადამიანები ვართ, როგორიც უკრაინელები. არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა!, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
რუსეთის მოქალაქეებმა ასევე ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს, რომელსაც უკრაინელ დევნილებს გადასცემენ.