იმერეთის პოლიციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს – 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში – კაცს ნათესავი ძმების მკვლელობას ედავებოდნენ. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.