ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ტერიტორიაზე კარანტინია დაწესებული.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პირუტყვის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ ინფიცირებული ტურაა.
„როგორც ვიცი, ნაკბენი ჰქონდა პირუტყვს. ვფიქრობთ, ცოფიანმა ტურამ უკბინა, ცოფით დაინფიცირდა პირუტყვი და გარდაიცვალა. რადგან პირველი შემთხვევა როდესაც დაფიქსირდა, როგორც ვიცი, პატრონმა, საღამოს სახლში რომ უნდა წამოეყვანა საქონელი, დაინახა მანდარინის ბაღში როგორ უკბინა ტურამ ცხვირ-პირის არეში. გარკვეულ დროში ამ პირუტყვს გამოუვლინდა ცოფის ნიშნები და დაიღუპა კიდეც. სულ სამი შემთხვევა იყო ასეთი. ზარალი დიდია რა თქმა უნდა. ახლა სადგომიდან გარეთ ვერ ვუშვებთ პირუტყვს, გვეშინია კიდევ არ დაავადდნენ“,- აცხადებს ერთი-ერთი ადგილობრივი.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ნატო ქარდავა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა აღნიშული შემთხვევა, აიღეს კვლევისთვის მასალა და დადგინდა კლასიკური ცოფის შემთხვევა.
მისივე ინფორმაციით, მეორე შემთხვევა 27 დეკემბერს დაფიქსირდა, ხოლო მესამე 11 იანვარს. სამივე შემთხვევის დროს ცოფით გარდაცვალება დადასტურდა.
„პირველივე შემთხვევის დროს ოპერატიულად გავატარეთ შესაბამისი ზომები. სოფელში გამოცხადდა ორ თვიანი კარანტინი. რა თქმა უნდა, მეორე შემთხვევისას კარანტინის ვადა გადაიწია კიდევ ორი თვით, ასევე მესამე შემთხვევის დროსაც. ამ ეტაპზე კი 11 მარტამდე კარანტინია გამოცხადებული. სოფელ ჯიხანჯურში და 2-3 კილომეტრის რადიუსში მდებარე სოფლებში, ლეღვა, ქაქუთი, ცეცხლაური, აცრილი იქნა ყველა ცხოველი (მსხვილფეხა თუ კატა, ძაღლი) და ჩატარდა დეზინფექცია.
მოქალაქეებს, ვისი პირუტყვიც გარდაიცვალა, მიეცათ მითითება, ჩაიტარონ აცრები. ჩემს მოვალეობაში შედის მივუთითო მოსახლეობას, დანარჩენი ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. კარანტინის დასრულებამდე გარკვეული შეზღუდვებია აღნიშნულ სოფლებში, რაც გამოიხატება შემდეგში, აკრძალულია ცხოველების ქუჩაში გაშვება, ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია, ასევე ცხოველების ყიდვა-გაყიდვა, ცხოველების შემოყვანა და გაყვანა და სხვა. მოსახლეობასთან გვაქვს კონტაქტი და ვაკონტროლებთ სიტუაციას“,- აცხადებს ნატო ქარდავა.
დაზარალებული მოსახლეობა ქობულეთის მერიას ფინანსურ დახმარებას სთხოვს.
როგორც ქობულეთის მერიაში გვითხრეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული. საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება აღწერა და შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევათ ოჯახებს დახმარება.
„მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გატარდა შესაბამისი რეაგირება. უწყებამ გამოსცა ბრძანება, რომლის საშუალებითაც დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ჯიხანჯური გამოცხადდა საკარანტინე ზონად.
ასევე მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს აღნიშნულ სოფელში მოსახლეობის ინფორმირებულობას. დამატებით ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რაშიც დახმარების სახით ჩართულია მერია“,- აცხადებენ ქობულეთის მერიაში.