უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში ჯარისკაცების ევაკუაციასთან დაკავშირებით მის მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში უკრაინული მხარე, “წითელი ჯვარი” და გაერო მონაწილეობენ.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს გადაარჩენენ. მისი თქმით, უკრაინას გმირები ცოცხალი სჭირდება და გრძელდება მუშაობა მათ სახლში მისაყვანად.
,,უკრაინელი სამხედროების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, მოლაპარაკებების ჯგუფის, “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას. მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მინდა ხაზი გავუსვა: უკრაინას ცოცხალი სჭირდება უკრაინელი გმირები, ეს არის ჩვენი პრინციპი.
ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი ამ სიტყვებს გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია ჩვენმა სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებმა დაიწყეს. ბიჭების სახლში მისაყვანად მუშაობა გრძელდება, ამას დრო სჭირდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ალყაში მოქცეული “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია მიმდინარეობს.









