რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, „შერიგების გზავნილები“ აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ რეალურ ნაბიჯებად გარდაქმნას, — ამის შესახებ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდს ეხმაურება.
მოსკოვი თბილისისგან ელოდება იურიდიულ გარანტიას, რომ ის ძალას არ გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, „რეგიონის სტაბილურობას ხელი შეეწყობოდა, თუ თბილისი თანხმობას განაცხადებდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე“. ამასთან, მოსკოვი კვლავ გამოთქვამს ეჭვს, რომ საქართველო შესაძლოა, სამხედრო გზით შეეცადოს ყოფილი ტერიტორიების დაბრუნებას.
ამ საფრთხეებს ამძაფრებს საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წვრთნებში ჩართულობა, — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მოსკოვის მტკიცებით, დისკუსიების ჰუმანიტარული მიმართულების პროგრესს აფერხებს გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირებზე. რუსეთის მტკიცებით, ეს დოკუმენტი „უკიდურესად პოლიტიზებულია“ და „ბლოკავს კონსტრუქციულ განხილვას ჟენევის ფორმატში“.
სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები ვერ მონაწილეობენ იმ ფორმატებში, სადაც ეს საკითხები გადის, რაც არღვევს მათი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობას, — აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, რუსეთი კვლავ აფხაზეთისა და ცხინვალის უსაფრთხოების „მტკიცედ უზრუნველყოფას“ ასახელებს პროცესის მთავარ ამოცანად — ტერმინოლოგიით, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს.