The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თამბაქოს კომპანიებს შესაძლოა, ყველანაირ სიგარეტში ნიკოტინის შემცველობის შემცირება მოთხოვოს. აშშ-ში გაყიდული სიგარეტები ნიკოტინის ისეთ დონეს უნდა შეიცავდეს, რომ მომხმარებელი მასზე დამოკიდებული არ გახადოს. გაზეთის ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ამ საკითხს თამბაქოს კიდევ ერთ საკითხთან ერთად განიხილავენ, რომელიც მენთოლიანი სიგარეტების აკრძალვას ეხება. ახლოვდება ვადა, როცა თეთრმა სახლმა მენთოლიანი სიგარეტების შესახებ თავისი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. საქმე ისაა, რომ 29 აპრილს აშშ-ს სურსათისა და წამლის ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (Food and Drug Administration – FDA) უნდა უპასუხოს მოქალაქეების პეტიციას მენთოლიანი სიგარეტის აკრძალვის შესახებ. ბაიდენის ადმინისტრაციაში აანალიზებენ, მენთოლიანი სიგარეტები აკრძალონ, თუ ყველა სიგარეტში ნიკოტინის შემცველობა შეამცირონ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ორივე გადაწყვეტილება მიიღონ.
თეთრი სახლის მიზანია, შემცირებულმა ნიკოტინმა სიგარეტზე ადამიანი დამოკიდებული ნაკლებად ან საერთოდ არ გახადოს და მწეველები ალტერნატიულ საშუალებებზე, ნიკოტინიან საღეჭ რეზიანზე, ყინულის აბებზე ან ელექტრონულ სიგარეტზე გადავიდნენ. მენთოლიანი სიგარეტების აკრძალვა კი ახალგაზრდებში დამწყები მწეველების რაოდენობას შეამცირებს, რადგან ამ ასაკში უმრავლესობა მოწევას მენთოლიანი სიგარეტით იწყებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ახალი ზელანდია გამოვიდა ინიციატივით, სიგარეტებში ნიკოტინის დონის მკვეთრად შემცირებისა და მოწევის უფლების მქონე პირთა ასაკობრივი ზღვარის გაზრდის შესახებ.
წყარო : ” ბიზნესს პრესს ნიუსი”










