ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე – Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა თხილავა)
Nouvelles Étoiles არის უმაღლესი დონის საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმა, რომელსაც პარიზის კულტურული ასოციაცია ArtimA და საფრანგეთის სახელმწიფო კონსერვატორია (CRD Jean Wiener) უწევენ ორგანიზებას. კონკურსის მთავარი მიზანია ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენა, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა და ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური კონკურსანტების შეფასებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტექნიკურ ოსტატობას, მუსიკალურ ინტერპრეტაციას, სტილის შესაბამისობას, არტისტულ გამომსახველობასა და საშემსრულებლო კულტურას. ვერონიკა მარგველაშვილმა ჟიურის შეფასების შედეგად 82 ქულა დააგროვა.
კონკურსში ყოველწლიურად ასობით კონკურსანტი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. Nouvelles Étoiles გამარჯვებულებს უნიკალურ შანსს აძლევს კონცერტები გამართონ პარიზში. დაუკრან პარიზის ცნობილ UniArt სიმფონიურ ორკესტრთან ერთად როგორც სოლისტებმა, მონაწილეობა მიიღონ ნორმანდიის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიასა და მასტერკლასებში.