მოქალაქეებმა, რომლებსაც 14 აპრილს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, მოძრაობის შეზღუდვის გამო საპატრულო პოლიციამ ჯარიმები დაუწერა, დაკისრებული ჯარიმები გაასაჩივრეს. ავტომსვლელობის ორგანიზატორმა ლაშა მესხმა და ადვოკატმა ლევან ჭელიძემ დღეს ქუთაისის საპატრულო პოლიციაში 50 ადამიანის საჩივარი შეიტანა. ლევან ჭელიძე ჯარიმებს უკანონოსა და უსაფუძვლოს უწოდებს. ლაშა მესხი კი მოქალაქეების დაჯარიმებას გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს და ამბობს, რომ ამ გზით ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას ცდილობს.
14 აპრილს სამოქალაქო აქტივისტებმა ნამოხვანჰესის მშენებლობა და სოფელ გუმათში რკინის ბარიკადების აღმართვა გააპროტესტეს. ისინი კოლონებით გუმათჰესისკენ მიდიოდნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებით მათ აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართეს. აქციის მონაწილეებს გზა ჩაკეტილი ჰქონდათ, რის გამოც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობა შეზღუდული იყო.










