მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა. ამ ფორმით მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონს ფეხბურთის ვარსკვლავმა 80 წლის იუბილე მიულოცა.
ნონა გაფრინდაშვილი -ჭადრაკის ლეგენდა, ყველა დროის გამორჩეული მოჭადრაკეა. იგი ოჯახში ერთადერთი გოგო იყო და ძმებთან ერთად თამაშობდა:
„ჩემი ძმები და მეზობლები რასაც თამაშობდნენ, მეც ვთამაშობდი, ამიტომ ყველაფერი ერთდროულად დავიწყე: ჭადრაკი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ბილიარდი… ჩემი ძმები მორიგეობით ხდებოდნენ ხოლმე ზუგდიდის ჩემპიონები ჭადრაკში, სახლშიც აწყობდნენ ტურნირებს. მე ყველას ვერ ვუგებდი“, – იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებასთან.
„ძმები მყავდა სულ, გოგო მეტი არ იყო ოჯახში. გაუჭირდათ, მაგრამ დიდი ფიქრის შემდეგ გამომიშვეს. გამიმართლა, რომ ჩემი მკვიდრი დეიდა მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობდა“, – ჰყვება ნონა გაფრინდაშვილი. ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერი ერთადაა საჭირო: ნიჭი, შრომისმოყვარეობა, სპორტული ხასიათი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიძლიერე. ერთ-ერთი კომპონენტი თუ ამოვარდა, მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდები. – „კარგი მოჭადრაკე ვერ იქნები, საშუალო, კი ბატონო“.










