26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა – კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“.
1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო, როდესაც 112-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ოჯახში შექმნილი პანიკის გამო ადგილზე დაჩქარებული მისვლა იყო საჭირო.
ბრიგადის წევრებს ადგილზე უგონო მამაკაცი დახვდათ. პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა.
ექიმმა თათია ლიპარტელიანმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე ასისტოლია ფიქსირდებოდა. პაციენტს ჩაედგა ვენური კათეტერი, ჩაუტარდა ტრაქეის ინტუბაცია და გაგრძელდა გ. ფ. რეანიმაცია.
რეანიმაციული ღონისძიებების პროცესში პერიოდულად ფიქსირდებოდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა. უწყვეტი და მიზანმიმართული რეანიმაციის 26-ე წუთზე მონიტორზე სინუსური რითმი დაფიქსირდა და მაგისტრალურ და პერიფერიულ არტერიებზე პულსაცია აღდგა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ფორს-მაჟორულ რეჟიმში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცს მანამდეც ჰქონდა გულის პრობლემები და ექიმთან ვიზიტს მეორე დღისთვის გეგმავდა, თუმცა ამის გაკეთება ვეღარ მოასწრო. კლინიკაში პაციენტს კარდიომიოპათია დაუდგინდა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას აგრძელებს.
ექიმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბრიგადის წევრებს უმცროს ექიმ ხატია დავლაშელიძეს და მძღოლს ვლადიმერ იველაშვილს გაწეული დახმარებისთვის.
თათია ლიპარტელიანი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელია უკვე 15 წელია. მის პრაქტიკაში ეს გაჩერებული გულის ამუშავების მეორე შემთხვევა იყო.
#გვეამაყება
ექიმი თათია ლიპარტელიანი
უმცროსი ექიმი ხატია დავლაშელიძე
მძღოლი ვლადიმერ იველაშვილი