წყალტუბოს ანსამბლმა “ნადური” ფოლკლორის ცენტრში კონცერტი გამართა. კონცერტი საქველმოქმედო იყო და მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა პატარა გაბრიელს დახმარებოდნენ გამოჯანმრთელებაში.
მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი ,,ნადური” 2001 წელს წყალტუბოში ჩამოყალიბდა. ანსამბლი გამოირჩევა ტრადიციული საშემსრულებლო მანერით, ჟღერადობის სიმწყობრითა და ბუნებრიობით. მათ რეპერტუარშია ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები – უმეტესად იმერული.
,,ნადურის” პირველი სოლო კონცერტი 2002 წელს წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ ივერიაში გაიმართა. სხვადასხვა დროს ანსამბლი მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებსა და საქველმოქმედო კონცერტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, სატელევიზიო პროექტებსა და რადიოგადაცემებში, ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმის კონცერტებში.
ანსამბლი 2015-2016 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ორგზის ლაურეატი და პრიზიორია: ნომინაცია ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი – III ადგილი, ნომინაცია ქართული ტრადიციული გალობა – I ადგილი.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტი ,,ხალხური საღამოები“ თბილისში გრძელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები საქველმოქმედოა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ,,ხალხური საღამოები“ იმართება.
პროექტის დასასრულს, 4 დეკემბერს 19:00 საათზე მსმენელის წინაშე წარდგება საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი“. პროექტი ,,შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.