პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის მონაცემები, რომელიც უკვე არსებობს 39 უბნის გადათვალსთან დაკავშირებით, სადაც ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით , ოპოზიციის და დამკვირვებლების ჩართულობით გადათვალა ძირითადად ის უბნები, სადაც იყო კითხვის ნიშნები შესაძლო ხარვეზებთან მიმართებაში. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელი განცხადება, სადაც მათ აღნიშნეს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა ცესკოს მხრიდან ინკლუზიურ პროცესს, როცა მიმდინარეობდა ამ უბნების გადათვალის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა გლობალურ პანდემიის პირობებში, რაც ასევე აღინიშნა ჩვენი საერთაშორისო პარნტიორების მხრიდან, ეს ნამდვილად არ იყო ადვილი, თუმცა, საქართველომ შეძლო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება პანდემიის პირობებში და ესეც ხაზსგასმით არის აღნიშნული საერთაშორისო სადამკვირებლო მისიების მიერ. ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისთვის, ვემზადებით ასევე ახალი პარლამენტის მუშაობისთვის, რომელიც იქნება კიდევ უფრო პლურალისტური და ვფიქრობთ, რომ უფრო უკეთ უპასუხებს გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს“, – აცხადებს თალაკვაძე.