ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოვალუტის მოპოვების დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვს.
„ეროვნული ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „კრიპტოსაწარმოები“ ქვეყნის ენერგოსისტემას ანგრევენ, სარგებლობენ დაუმსახურებელი საგადასახადო და ენერგეტიკული შეღავათებით და რეალურად მმართველი გუნდის ბიზნესკლანის ინტერესებს ემსახურებიან.
გოცირიძის თქმით, საქართველოში კრიპტომაინინგის საწარმოები ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ, რაც ბათუმის წლიურ მოხმარებას აჭარბებს,
ყოფილი დეპუტატის განცხადებით, „პარაზიტული კრიპტოქარხნების“ უკან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ბიზნესკლანი დგანან, რის გამოც ამ სექტორის დაუყოვნებლივ აკრძალვაა საჭირო.
„ენერგეტიკას ანგრევს პარაზიტული კრიპტოსაწარმოები, რომელთა წილი ქვეყნის შემოსავლებში თითქმის ნულის ტოლია, ხოლო ეკონომიკაზე მათი გავლენა-მკვეთრად უარყოფითი.
როგორი ენერგოტევადიც არ უნდა იყოს ნებისმიერი დარგი, მას არსებობის უფლება აქვს, თუ კონკურენტულ გარემოში ფუნქციონირებს და მოგებას იძლევა. საქართველოში კრიპტომაინინგის საწარმოები სწორედ იმიტომ არსებობენ, რომ სასათბურე პირობებით სარგებლობენ: ისინი მთლიანად არიან გათავისუფლებულები გადასახადისგან, ხოლო ელექტროენერგიას შეღავათიანი პირობებით იღებენ. ამ შეღავათების გარეშე ყველა მომენტალუად შეწყვეტდა არსებობას. ისინი ვამპირები არიან, რომლებიც სისხლს წოვენ ენერგეტიკას და ქვეყნის ბიუჯეტს და ამით საზრდოობენ.
ამ საწარმოების კიდევ ერთი თავისებურებაა, რომ ისინი დღე-ღამის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ენერგოსისტემაზე დატვირთვას ქმნიან. ამის შედეგია გახშირებული ავარიები. საქართველოში ისინი მოიხმარენ ქვეყნის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 6 პროცენტს, ხოლო აფხაზეთის მოხმარების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. საერთო მოხმარება დაახლოებით 1 მილიარდ კილოვატსაათს აღწევს, რაც მეტია, ვიდრე ბათუმის წლიური ელექტროენერგიის მოხმარება.
ყველა კრიპტოქარხნის უკან ქართული ოცნების “ქართული ოცნების” ბიზნესკლანის წარმომადგენლები დგანან, ხოლო მთავარი კრიოპტოვამპირი, გლდანის საწარმო, ივანიშვილის მიერ იყო დაფუძნებული.
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოს მოპოვება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს”, – წერს გოცირიძე.










