MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა – ამის შესახებ განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მათი თქმით, მოძრაობას “მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე”
“საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ” – თქვა ქართველიშვილმა მოძრაობის პრეზენტაციისას
“…ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და რელიგია, ასევე ის მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებენ, პერიოდულად კოორდინირებულად თავდასხმის სამიზნე ხდებოდა. როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან. ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ხშირად უკონტროლო სახეს იღებს. ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომელთა გარშემოც ქართველი ერია გაერთიანებული.
სწორედ ამიტომ, დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულებებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით” – თქვა მან.
გიორგი ქართველიშვილი ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, ჟანა აკოფაშვილის ქმარია. ის რუსთავი 2-ში გადასვლამდე მთავარი არხის ჟურნალისტი იყო. ქართველიშვილს კი აქტივისტები ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღის წინ ოცნების პროპაგანდისტული მედია მას აქტივისტ და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე “თავდამსხმელის მეგობრად” მოიხსენიებდა და მის დასაცავად იყენებდა.










