ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ამ დროისთვის ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქალაქის მერი დაინტერესდა, ხომ არ შეექმნათ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე რაიმე სახის დაბრკოლებები შექმნილი ვითარების გამო. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ამ ეტაპზე მასალის შესაბამისი მარაგი აქვთ, რათა სამუშაოები გაგრძელდეს. თუმცა, მოკლე ხანში მარაგის შევსება საჭირო გახდება.
„კოორდინირებული მუშაობით ამ დაძაბულ დღეებს გადავლახავთ. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარეობს ქუთაისში, გაგრძელდება და დასრულდება ყველა ქუჩა, ყველა სკვერი და სპორტული მოედანი“- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.