საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ქუთაისის აეროპორტი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენოინსპექტირების აპარატზე სკანირებისას ჯამში – 166 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
40 397 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდა.
საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










