თერჯოლაში დაწყებული ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის გამო მომიჯნავე შენობებზე ბზარები გაჩნდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო კობახიძე წერს.
მისივე თქმით, მშენებლობის უკან მოედინება მდინარე ჩხარა, რომელიც ძალიან ახლოს არის უკვე აშენებულ მაღალი ბეტონის კედელთან.
ამასთან, ნინო კობახიძის ინფორმაციით, მშენებლობის გამო ვინც პროტესტი გამოხატა, მათზე ზეწოლა განხორციელდა, ვინც ამ ზეწოლას არ შეუშინდა, სამი შვილის მეძუძური დედა, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების და პროტესტის გამოხატვის გამო თერჯოლის მერიამ სამსახურის გარეშე დატოვა.
“თერჯოლაში დაწყებული ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის გამო უკვე გაჩნდა ბზარები მომიჯნავე შენობებზე, ფაქტიურად გამოუსადეგარი ხდება მომიჯნავე ნაკვეთები შემდგომი განაშენიანებისთვის, რადგან მომავალში მშენებლობის ნებართვის მიღება ფაქტიურად შეუძლებელი იქნება!
ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ მშენებლობის უკან მოედინება მდინარე ჩხარა, რომელიც ძალიან ახლოს არის უკვე აშენებულ მაღალი ბეტონის კედელთან, რაც კიდევ უფრო მეტად აჩენს კითხვებს ამ პროექტის უსაფრთხოებასა და კანონიერებასთან დაკავშირებით.
ვინც პროტესტი გამოხატა, მათზე ზეწოლა განხორციელდა, ხოლო ვინც ამ ზეწოლას არ შეუშინდა სამი შვილის მეძუძური დედა, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების და პროტესტის გამოხატვის გამო თერჯოლის მერიამ სამსახურის გარეშე დატოვა!
ნუთუ მოქალაქის ხმა აღარაფერს ნიშნავს? ნუთუ კანონი ყველასთვის ერთნაირად აღარ მოქმედებს? ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე?
მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას, საჯაროდ უპასუხონ საზოგადოებას არსებულ კითხვებზე, შეისწავლონ ეს ფაქტები და უზრუნველყონ პროცესის სრული გამჭვირვალობა”, – წერს ნინო კობახიძე.










