თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი წერს, სამსახურიდან მხოლოდ იმის გამოუშვეს რომ, საკუთარი სახლის წინ ბემზინგასამართი სადგურის მშენებლობა გააპროტესტა.
,,დილით გავიღვიძე ჩვეულ დროს და სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი.
მერე გამახსენდა,რომ ჩემი მუნიციპალიტეტის მერმა ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და სახლში გამიშვა….
რომ ვკითხე მიზეზი,თუ რატომ
გადაწყვიტა ასე,მიპასუხა,რომ
მიზეზი ჩემი პოსტები და კომენტარები იყო…
წამოვედი სახლში,მაგრამ უსამართლობის განცდა არ მასვენებდა და ერთ საათში ჩემს პატარა ევასთან ერთად ისევ უკან დავბრუნდი.
პატარა ევა ხელში მეჭირა და მერიაში შესული უკან გამომიშვეს, შესასვლელის კარებიც ჩაკეტეს და გარეთ დაგვაჯინეს სიცხეში მთელი 3 საათი.
დღეს თუ საშინელება არ გავუკეთე საკუთარ თავს, მხოლოდ ჩემი სამი ანგელოზი შვილის გამო.
ვინც მიცნობთ კარგად იცით რაც გამაჩნია, მანაც იცოდა ეს……
სამი პატარა შვილის, მეძუძური დედა მხოლოდ იმიტომ გამწირა,რომ ჩემი სახლის წინ ბენზინ/გასამართი სადგურის მშენებლობა გავაპროტესტე.
გავაპროტესტე მთელი ცხოვრება ამ საშინელი ბენზინის სუნით სუნთქვა.
დასასრული…..
(კეთილმოსურნეები ნუ დაიწყებთ,გაჩერებულიყავი გაეკეთებინათო,მე ისე მოვიქეცი როგორც თქვენ მოიქცეოდით და არაფერი არ მომითხოვია,გარდა უკანონობის შეჩერებისა).
ჩემი საჯარო სამსახურში ყოფნის 8 წლიანმა გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა დავხმარებოდი უამრავ ადამიანს, ყველა მათი პრობლემა გულთან მიმეტანა და რაც არ იყო ჩემი ვალდებულება ისიც გამეკეთებინა.
და ბოლოს,მე ამ ომს აუცილებლად მოვიგებ !!!” – წერს სოციალურ ქსელში ეკა მაკარიძე.



ცნობისთვის, სოფელ ღვანკითში მოსახლეობა უკვე მაისიდან აპროტესტებს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას.
პროტესტის პარალელურად, მოქალაქეებმა სასამართლოსაც მიმართეს. მათი ინფორმაციით, სასამართლომ თავდაპირველად სარჩელი დასაშვებად ცნო, წარმოებაში მიიღო და მუნიციპალიტეტს ადმინისტრაციული საქმის მასალებისა და შესაგებლის წარდგენა დაავალა. თუმცა, მათი თქმით, მოგვიანებით მოსამართლემ განმარტა, რომ საქმის არსებით განხილვას ვერ დაიწყებდა, რასაც მოსარჩელეები არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ამით მათი უფლებების სრულფასოვანი დაცვა შეიზღუდა.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია — შეჩერდეს მშენებლობა მანამ, სანამ ყველა სამართლებრივი და გარემოსდაცვითი საკითხი არ იქნება სრულყოფილად შესწავლილი. მათი განცხადებით, მშენებარე ტერიტორია მდინარის სიახლოვეს მდებარეობს, ხოლო რამდენიმე მეტრის დაშორებით უკვე ფუნქციონირებს ერთი ბენზინგასამართი სადგური, რის გამოც მეორე მსგავსი ობიექტის მშენებლობა მოსახლეობაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს.
,,მეგა ტვ” აგრძელებს თემაზე მუშაობას.









