საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს სასარგებლოდ $400 მილიონზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მისი განმარტებით, თანხის გადახდის ვალდებულება თავად ვაშინგტონის სასამართლოს მიერ არ დადგენილა. ეს ვალდებულება 2024 წელს პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით წარმოიშვა, რომლის გაუქმებასაც საქართველო საფრანგეთის იურისდიქციაში ამ დრომდე ითხოვს. ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილება კი ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობა-აღსრულების პროცედურის გაგრძელებას შეეხება.
„დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ნამახვანჰესთან დაკავშირებულ საქმეზე. სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე. საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც 2 წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში. სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე“, – განაცხადა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, ENKA-მ პარიზში მიმდინარე პროცედურების დასრულებას არ დაელოდა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობა-აღსრულების პარალელური პროცედურა დაიწყო. „რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება. ვაშინგტონის სასამართლომ მსჯელობდა, უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები“, – აღნიშნა მან.
11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს მოთხოვნა, აშშ-ში მიმდინარე პროცედურა საფრანგეთში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საქმის დასრულებამდე შეჩერებულიყო, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, აშშ-ში ENKA-ს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურა გაგრძელდება.
ძამაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა მან.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის (ვაშინგტონის) სასამართლოს 11 სექტემბრის განაჩენი:
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს წინააღმდეგ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა – ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ხელისუფლება აქამდე ამ კომპენსაციის გადახდის შეჩერებას ცდილობდა საფრანგეთის იურისდიქციაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ განიხილა და ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს 383-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამასთან, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი (SOFR+4%)-ის ოდენობით, რაც კომპენსაციის ძირს ერიცხება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე, ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება. საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო. თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული.
როგორც სასამართლოს ჩანაწერიდან ირკვევა, ENKA Renewables-მა მიმართა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს იმიტომ, რომ აშშ არის არბიტრაჟის შესახებ 1958 ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი მხარე და მისი იურისდიქციის გამოყენება მოდავე მხარეებს სამართლიანად შეუძლიათ. ENKA-მ წარადგინა 2024 წლის დეკემბრის განაჩენი, რის საფუძველზეც, განაგრძეთ კითხვა










