2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი – 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 161 შემომწირველისგან.
შემოწირულებების ოდენობით შემდეგ მოდიან „ლელო“ – 306 900 ლარით, „ხალხის ძალა“ – 273 000 ლარით, „ნეიტრალური საქართველო“ – 197 329 ლარით და „თავისუფლების მოედანი“ – 125 106 ლარით.
„ქართული ოცნება“ ლიდერობს პოლიტიკური რეკლამის ხარჯებითაც – აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პარტიამ რეკლამაზე 941 905 ლარი დახარჯა. ცხრა პარტიის სარეკლამო ხარჯმა კი ჯამში 1 159 058 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის ზედამხედველობის უფლებამოსილება კანონით აქვს მინიჭებული.









