ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს ქუთაისში ერთ ცალკე აღებულ 32-ე სკოლაში ინფიცირების ამხელა რაოდენობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების წარგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ქუთაისელებს პანდემიის პირობებში მშვიდი დამოკიდებულებისათვის მადლობა გადაუხადა:
“მე ძალიან კარგად მესმის რამხელა პრობლემები და რამხელა ცვლილებები შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში ამ პანდემიამ. ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს ქუთაისში ერთ ცალკე აღებულ 32-ე სკოლაში ინფიცირების ამხელა რაოდენობა. ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს გადადებული სწავლა ბავშვებისთვის, რამხელა დისკომფორტია ეს მშობლებისთს, მაგრამ ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ დღეს ვიბრძვით პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნათესავების, მეზობლების, მშობლების, შვილების ჯანმრთელობისთვის და ასევე ვიბრძვით იმისთვის რომ, ჩვენ ყველამ ერთად ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ კიდევ უფრო მეტი შევქმნათ. ის წყნარი, მშვიდი დამოკიდებულება, რომლითაც ქუთაისმა, იმერეთმა, ბოლო გამოწვევების პერიოდი გაიარა, ამისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.