მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე, ანუ დასვენების დღეებად ცხადდება. ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, განისაზღვრა საქმიანობები, რომელთაც „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება არ შეეხება. ესენია:
- პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
- ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
- ფარმაცევტული საქმიანობა.
- სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.
- საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.
- ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
- საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
- პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.
- სამაშველო საქმიანობა.
- ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
- უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).
- დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.