ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ქალაქის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის HIP HOLDING-ის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრის მიზანი კომპანიის მიერ ქუთაისში დაგეგმილი სამუშაოების განხილვა და შემდგომი თანამშრომლობის დაგეგმვა იყო.
HIP HOLDING ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მეორადი პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. ამ მიზნით ქალაქში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 300 ადამიანი დასაქმდება.
HIP Holding 2011 წელს ჰოლანდიის ქალაქ არნემში დაარსდა, საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის სამუშაო არეალს წარმოადგენს პლასმასის რესურსების მართვა, დედათა და ბავშვთა კვების და ყოველდღიური ქიმიკატების წარმოება. კომპანიის გაყიდვების და პროდუქციის სააგენტოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ.
„ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ბაზარზე საერთაშორისო ინვესტორი კომპანიების შემოსვლა, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სახით, რაც ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
„დღეს შევხვდით HIP Holding-ის წარმომადგენლებს, პლასტმასის ნარჩენებთნ ბრძოლა არის უდიდესი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, მოხარული ვარ, რომ გარემოზე ზიანის შემცირების აქტივობებთან ერთად, დაგეგმილი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას“ – განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.