პროკურატურის განცხადებით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახელთ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
“ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, კ.პ.-მ და ი.გ.-მ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, იმ მოტივით, რომ კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი მ.მ-ს ეღიარებინა, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემით აიძულეს საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა”, – წერს პროკურატურა.
ცნობისთვის : სამართალდამცველებმა კ.პ და ი.გ. 2020 წლის 25 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი, ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.










