ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. ამ ფორმით ისინი უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, რექტორი წარსულში არაერთხელ ნასამართლებია და ასეთ თანამდებობაზე მისი ყოფნა დაუშვებელია.
სტუდენტები სახალხო დამცველთან და საბჭოსთან შეხვედრას მოითხოვენ.
“ვაპირებ შიმშილობას, ჩემს მეგობრებთან ერთად. გვაქვს სამართლიანი პროტესტი კრიმინალი რექტორის მიმართ. სამჯერ ნასამართლები ადამიანი, თაღლითობაზე, იარაღის ტარებაზე ბრალდებული ადამიანი, არ უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
განვთავსდებით აქ, ბიბლიოთეკის შესასვლელს ხელს არ შევუშლით. ვითხოვთ, სახალხო დამცველთა შეხვედრას, რადგან შიმშილობას ვაცხადებთ და გვინდა გასაუბრება საბჭოს წევრებთან, რათა სრულფასოვანი პასუხები გაგვცენ, იმ კითხვებზე, რომელიც გვაქვს სამართლიანი პროტესტის შედეგად”,- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
როგორც სტუდენტები ამბობენ, ისინი პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ინფორმაციას ” მთავარი ” ავრცელებს.










