იუზას უსაზღვროდ უყვარდა ქუთაისი, უყვარდა გაზეთ “ქუთაისის”რედაქცია, სადაც თითქმის ყოველდღე მოჰქონდა საკუთარი წერილები, როგორც შტატგარეშე კორესპონდენტს, და დაბეჭდვის შემდეგ პირველი კითხულობდა საბეჭდი მანქანიდან ახლადჩამოსულ, ჯერაც თბილ გაზეთს; უყვარდა თეატრი, სადაც ყველა სპექტაკლს, ყველა გასტროლს, ყველა პრემიერას ესწრებოდა, პირადად იცნობდა და მეგობრობდა მსახიობებთან, რეჟისორებთან, ტექნიკურ პერსონალთან, მისი წერილების თემატიკაც ხშირად სწორედ სცენა და კულისები იყო; უყვარდა ტრიკოტაჟის ფაბრიკა, სადაც დიდი ენთუზიაზმით ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ წრეს და დროდადრო საწარმოო თემებზეც ამზადებდა კორესპონდენციებს; უყვარდა ქალაქის ქუჩები, ადამიანები, ყველა ხე და ყველა ყვავილი. იმიტომაც გაუჭირდა აქაურობის დატოვება. უცოლშვილოს ძმის ოჯახი ჰყავდა ძირითად დასაყრდენად და როცა ყველა ახლობელი გაემგზავრა ისრაელში, იუზამაც ვეღარ თქვა უარი, წავიდა…
წავიდა, როგორც ფეხათრეული დიდი ბავშვი, და დაგვიტოვა უამრავი მოგონება მასზე, მის საოცარ იუმორზე, მახვილსიტყვაობაზე, სახასიათო ქცევებზე, თავგადასავლებზე…იუზა მართლაც იყო ქალაქის კოლორიტი, ნამდვილი ქუთაისური იუმორის საბადო.
ერთხელ გაზეთზე ვმორიგეობდი. გვიანი იყო. უცებ რედაქციის ლიფტის კარები გაიღო და ვიღაც ღიღინით გამოუყვა ჩვენი რედაქციის გრძელ დერეფანს. მე და კორექტორმა ოთახის კარიდან გავხედეთ :იუზა იყო! სიმღერ -სიმღერით გამოემართა ჩვენკენ, ასე განაგრძო გზა, უცებ შემოტრიალდა და გვითხრა:”რა ესმოდათ მღერა ყმისა (მკერდზე მიიდო ხელი), სმენად მხეცნი მოვიდიან (ჩვენკენ გამოიშვირა მარჯვენა).

იუზა ჩემს ქორწილში თამადის მოადგილედ დანიშნეს, ისე იყოჩაღა, ხონჩაზე წამოცმული გოჭიც კი მიართვეს სუფრის ბოლოს. ამ გოჭს შინ, ტრადიციების მიმდევარ დედასთან, ხომ ვერ წაიღებდა, იუზამ თურმე სტამბის მუშებს მიუტანა და მეორე დღეს იქ დაალოცვინა ჩემი თავი.
მაქვს მისი არაერთი სახუმარო ლექსი, რომლითაც მეგობრულ თავყრილობებზე მომმართავდა ხოლმე. ერთ -ერთ ჩემს დაბადების დღეზე, რომელიც რედაქციაში გადავიხადე და თამადა იუზა იყო, ლამაზად შეფუთული საჩუქარი მომართვა ასეთი წარწერით: “გაიხსენე მუდამ გულით, /რა დროა და რა წამია; /კეთილი გულით მოძღვნილი/ ტრიკოტაჟის ნაწარმია”. მეც სიხარულით გავხსენი უამრავი ხალხის თვალწინ ეს პაკეტი და… ტრიკოტაჟის
ტრუსი შემრჩა ხელში! ახარხარებული აუდიტორიის წინ კი იუზამ ახლა ულამაზესი სვიტერი გადმომცა საჩუქრად.
ეეჰ, რამდენი რამ მაგონდება ახლა… მახსენდება დიდი, ლამაზი ასოებით მოქარგული მისი წერილები, რომელთაც მე მაძლევდნენ ხოლმე რედაქტირებისათვის, მაგონდება ჩვენი მხიარული ხუმრობები მის მელოტ კეფაზე უცნაურად დამაგრებულ “თმა -ტალავერთან” დაკავშირებით; ფეროვან – გაჟინჟღილებულ სახეზე ანთებული მისი უშველებელი თვალები, რომლებიც ისე ემოციურად გამოხატავდნენ ტკივილსა თუ სიხარულს.