2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა და 15.2 ათასი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში ქვეყანაში 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება იყო. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 16.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6%-ით მეტია.
სტატისტიკის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რაოდენობამ 22.5 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რაოდენობამ – 21.3 ათასი.
- თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები – 14.2%-ით;
- სიმსივნეები – 12.7%-ით;
- ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები – 10.6%-ით;
- ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები – 8.9%-ით;
- თვალისა და მისი დანამატების დაავადებები – 6.8%-ით.
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემადგენელი ქსოვილების, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს შიდსის 562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 53 შემთხვევით ნაკლებია. შიდსით დაავადებულთა კუმულატიურმა რაოდენობამ 11 568 შეადგინა, ხოლო დაავადებას 150 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება ტუბერკულოზს, 2025 წელს ახალი შემთხვევების რაოდენობა წლიურად 7.3%-ით შემცირდა, ხოლო ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობა 12.9%-ით შემცირდა და 1 142 შეადგინა.
ამასთან, 2025 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით 1.15 მილიონ ადამიანს გაუწია. შემთხვევების 99% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.










