უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით, ტრადიციულად მაღალია კაცებში, -ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ დასაქმება-უმუშევრობის მონაცემებშია აღნიშნული.
“საქსტატის” მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა. კერძოდ, უმუშევრობის დონე 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქალებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 2 პროცენტული პუნქტით. ამასთან, აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. “2020 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 50.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 72.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 3.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით”,-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
ამასთან, 2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 2.6 და 1.1 პროცენტული პუნქტით.










