პოლონეთის ოტვოკის რაიონის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებს ძარცვავდა.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოტვოკის რაიონში მდებარე მსხვილ ქსელურ მაღაზიებსა და აფთიაქებში სხვადასხვა ნივთის ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. დანაშაულის ადგილების შესწავლისას გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დამნაშავე ყველა ეპიზოდში ერთნაირი მეთოდით მოქმედებდა.
მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მაღაზიების სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ამოიღეს.
პოლიციის ცნობით, მამაკაცს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდა, რის გამოც მისი დაკავება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებს შორის თანამშრომლობის შედეგად, მისი ადგილსამყოფელი დაადგინაეს და დააკავეს.
ეჭვმიტანილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონისა და გამოძიებისთვის თავის არიდების შესაძლო რისკის გამო, ოტვოკის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლოს მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა.
თუმცა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 26 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.










