ჩემი 45 წლის გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ადამიანები, რომელიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ რიკერმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღებით მოისმინეს ფაქტები არჩევნების გაყალბებაზე.
„უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რადგან იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენს რეგიონშია, მან მონახა საშუალება, ჩამოვიდეს. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს, ისევე როგორც ევროპის კავშირში, შესანიშნავად ესმის რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რათა გამოსავალი მოვნახოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.










