”დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
„დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. კარგია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაშორიშორებულია ჩვენი პოზიციები და მტკიცედ ვართ ჩვენს პოზიციაზე, „ქართული ოცნებაც“ ძალიან შორის არის თავისი პოზიციით ჩვენგან, მაგრამ ერთი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთი რაუნდი იქნება. დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოლაპარაკება გაგრძელდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც.










