საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ კორონავირუსის პანდემია ყველაზე ძლიერ რეცესიას გამოიწვევს 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ. ორგანიზაციის პროგნოზით, 2020 წელს გლობალური ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს კი 5.8%-იანი ზრდა დაფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის იანვრის ანგარიშში მსოფლიო ეკონომიკის 3.3%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული.
რაც შეეხება ცალკე ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა აშშ-ში 5.9%-ით შემცირდება, ევროზონაში – 7.5%-ით, იაპონიაში 5.2%-ით, ხოლო ჩინეთში კი 2020 წელს 1.2%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.