ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხები, მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე გამოწვევები და მათი დროული, ეფექტიანი გადაწყვეტის გზები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზამთრის მოსამზადებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინირებულ განხორციელებას.
აღინიშნა, რომ მომდევნო კვირაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც სატყეო მიმართულებით არსებული პრობლემური საკითხები და შესაბამისი რეაგირების მექანიზმები განიხილება.
ზამთრის სეზონისთვის მზადების ფარგლებში, უკვე დაწყებულია მუშაობა მაღალმთიანი სოფლების კინჩხის, გორდისა და ძეძილეთის სპეციალური ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხზე. აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს თოვლის საფარის წარმოქმნის შემთხვევაში გზების დროულ გაწმენდას, გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მოსახლეობისთვის შეუფერხებელი წვდომის შენარჩუნებას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. რიგ სოფლებში უკვე დასრულებულია გარე განათების სისტემების მონტაჟი, ხოლო სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება სასოფლო გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
მნიშვნელოვანი საკითხი იყო სანიაღვრე სისტემების პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება.
გუბის, ივანდიდის, კუხისა და გოჩა-ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად მომავალ კვირაში სამელიორაციო სამსახურის სპეციალისტები ადგილზე იმუშავებენ და საჭირო ღონისძიებებს განსაზღვრავენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საავტომობილო გზებზე შინაური მსხვილფეხა პირუტყვის თავისუფლად გადაადგილების პრობლემაზეც, რაც საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან რისკს ქმნის. მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, ფერმერული მეურნეობების მფლობელ ოჯახებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პერიოდულად ეძლევათ გაფრთხილებები.
ლადო ჯურხაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა, არსებული პრობლემების დროული გამოვლენა და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მათი ეტაპობრივი გადაწყვეტა. – ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს.